"არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება დადგეს სიტუაცია, რომ მოგვიწიოს თქმა, რომ არ მივდივართ, მაგრამ არა - 14 000 კაციდან ერთი მეჩირაღდნის გამო. ეს არ არის ის არგუმენტი, რის გამოც ჩვენ ოლიმპიადას ბოიკოტს უნდა ვუცხადებდეთ,"- ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა TV-3-ის გადაცემა "დიდ პოლიტიკაში" სტუმრობისას ისაუბრა.
ზაქარეიშვილის თქმით, "14 000 კაციდან ყველა რომ ყოფილიყო რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე და ყველას რომ ჩირაღდანი აეღო, ეს იქნებოდა გამოწვევა და მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა ეს სერიოზული საკითხი ყოფილიყო".
"14 000 კაციდან ერთადერთი ადამიანია და შენ ამაზე რომ წაიბორძიკებ, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ ხარ. მაშინ, როცა შენ, სახელმწიფომ განაცხადე, რომ მიუხედავად იმისა, რომ იყო კონფლიქტი და ოკუპაცია და აღიარება, ჩვენ, ახალი მთავრობა ვეძებთ რუსეთთან ურთიერთობებს, ამ ყველაფრის დალაგებას ვცდილობთ, ამიტომ ჩვენთვის მორალურად მძიმე გადასაწყვეტია, მაგრამ მაინც ვაპირებთ წავიდეთ ოლიმპიადაზე. ჩვენ ვთქვით, რომ მიუხედავად ოკუპაციის აღიარებისა, მაინც რუსეთთან კარგი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ჩვენ ვაპირებთ წავიდეთ ოლიმპიადაზე. რუსეთს არ აწყობს, რომ გაშიშვლდეს. მთავარი პრობლემა საქართველო კი არ იყო, სააკაშვილი იყო. სააკაშვილის არასწორმა ავანტიურისტულმა ვოლუნტარისტულმა პოლიტიკამ გამოიწვია დაძაბულობები,"- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.