"ომი ვინ დაიწყო, არავინ იცის. მაგათ უნდათ ვთქვათ, რომ ომი დაიწყო რუსეთმა. პუტინი ამბობს, რომ დაიწყო სააკაშვილმა. ანუ, არც ერთი ჩვენგანი არ ვყოფილვართ სააკაშვილის კაბინეტში და არც პუტინის კაბინეტში,"- ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა TV-3-ის გადაცემა "დიდ პოლიტიკაში" სტუმრობისას ისაუბრა.
ზაქარეიშვილის შეფასებით, "ერთადერთი, ვინც იყო მათ კაბინეტში, ვინც შეისწავლა ყველაფერი ეს, იყო ტალიავინის კომისია, რომელმაც 2 წელი იმუშავა და დადო ანგარიში რა ფორმით და როგორ მოხდა საომარი ოპერაციის დაწყება".
"ჩვენ ან უნდა ვენდოთ ტალიავინის ანგარიშს, ან ვთქვათ, რომ არ ვენდობით და ჩვენი გამოძიება ჩავატაროთ. როცა მოდის აგვისტო, მაშინ ახსენდება სააკაშვილს ეს და მაშინ იწყება ლაპარაკი. ეს არ არის ჩვენი მთავარი თემა დღეს. ომი ვინ დაიწყო, ჩვენ ამ კითხვას არ ვსვამთ, სააკაშვილი სვამს ამ კითხვას. როცა სააკაშვილი იწყებს ამ კითხვის დასმას, ჩვენ მაშინ ვულაგებთ ფაქტებს. თუ სააკაშვილი ხმას არ ამოიღებს ომზე, ჩვენ ხმას არ ამოვიღებთ ომზე. როგორც კი დაიწყებს ლაპარაკს, რომ გარდაუვალი იყო, უცებ ვულაგებთ, რომ - უკაცრავად, შენ შეგითრია რუსეთმა პროვოკაციაში. მე ღრმად მწამს, რომ სააკაშვილი შეისრუტეს, შეითრიეს პროვოკაციაში, მან ვერ გაუძლო ცდუნებას და დაიწყო ეს შეუქცევადი პროცესები,"- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.