ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის მამა თენგიზ ძველაია გარდაცვლილისთვის ექსპერტიზის ჩატარებას და სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის სენაკში ჩასვლას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აცხადებს, რომ ოჯახი მიცვალებულს არ დაასაფლავებს.
როგორც ძველაიამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, მომხდართან დაკავშირებით გარდაცვლილი 16 წლის პატიმრის ოჯახი სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა და მკვლელობაში ქუთაისის ციხის პატიმრებს ადანაშაულებს.
"სანამ არ ჩამოვა სოზარ სუბარი და ექსპერტს არ ჩამოიყვანს, მანამ არ დავასაფლავებთ ბავშვს. მე მყავს ჩემი ექსპერტი, ქუთაისიდან მოემართება და რამდენიმე საათში აქ იქნება, ჩაუტარებს გვამს ექსპერტიზას და ყველაფერს იტყვის რა და როგორ მოხდა. სუბარი რომ ამტკიცებს ჩემმა შვილმა თავი ჩამოიხრჩო, თუ ექსპერტს არ მოიყვანს და ამ ვერსიას არ დამიდასტურებს, მე ჩემს შვილს არ დავასაფლავებ. მე ვამტკიცებ, რომ ჩემს შვილს უკანა მხრიდან ერთი ადამიანი მიდგა, თოკს უჭერდა და ცემაში შემოაკვდათ. მე მაქვს ამის ფიქრის საფუძველი და ეჭვის შეტანის უფლება,"- განაცხადა ძველაიამ.
გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრთა მტკიცებით, მკვლელობაში ქუთაისის ციხის სხვა პატიმრებს ადანაშაულებენ, რადგან, მათი თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტრო საპატიმრო დაწესებულებაში წესრიგს ვერ ამყარებს.
"ეს თანამშრომლების გაკეთებული კი არ არის, სხვა პატიმრების გაკეთებულია. საერთოდ ვერ აკონტროლებს სასჯელაღსრულების სამინისტრო სიტუაციას ციხეში,"- აღნიშნა ძველაიამ.
თენგიზ ძველაია სასჯელაღსრულების ქუთაისის დაწესებულების დირექტორს მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრის სახელის და გვარის გამოკვლევისთვის 40 დღიან ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრება.
"მე ვაძლევ 40 დღიან ვადას და თუ ამ 40 დღის განმავლობაში არ გააშუქებს ჩემი შვილის მკვლელის სახელს და გვარს, მე ციხის უფროსს შევპირდი სიცოცხლეს გამოგასალმებ მეთქი. ამას გავაკეთებ, 2 დღე ვერ შეინახა ჩემი შვილი ციხემ,"- დასძინა ძველაიამ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მეორე საპყრობილეში არასრულწლოვანი პატიმარი გუშინ გარდაიცვალა. ქურდობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის სენაკელი საპატიმროში ორი დღის წინ შეიყვანეს. ახალგაზრდა სასჯელს უკვე მეორედ იხდიდა. პრეზიდენტმა ის მარიამობის დღესასწაულზე შეიწყალა.