საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარის მიერ სოჭის ოლიპიურ თამაშებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ემხრობოდა, იგი აღნიშნულს მუდმივად წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა უმცირესობაში იყო.
რურუა მიიჩნევს, რომ "ოლიმპიადაზე საქართველოს წარმომადგენლების წასვლით ხაზს გავუსვამთ იმას, რომ რუსეთი რაღაცნაირად მთლად მტყუანი არ იყო კონფლიქტში, დავეთანხმებით მის პოლიტიკას და თვალს დახვუჭავთ იმ ყველაფერზე, რაც რუსეთმა საქართველოში ჩაიდინა, ეს კი, სამომავლოდ ძალას დაუკარგავს ყველა ჩვენს არგუმენტს, რომ მოხდეს დეოკუპაცია".
ამასთან, როგორც რურუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სპორტსმენს, ელენე გედევანიშვილს ძალიან უმძიმს ოლიმმიადაზე გამოსვლა და ელოდება სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, რადგან მზადაა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვას.
"ჩვენ მსოფლიოს უნდა მივაქცევინოთ ყურადღება სულ რომ მარტოებიც ვიყოთ ბოიკოტში, რომ ეს პრობლემა არის მწვავედ. ვიცი, რომ ელენე გედევანიშვილს ძალიან უმძიმს გამოსვლა და ელოდება სახელმწიფოს გადაწყვეტილებას. და ზამთრის სპორტის წარმომადგენელი, ჩვენი ყველაზე წარმატებული სპორტსმენი თანახმაა, რომ საერთოდ არ წავიდეს ოლიმპიადაზე. ბევრი მიზეზებიდან გამომდინარე სოჭის ოლიმპიადის მიმართ ჩვენი ბოიკოტი მსოფლიოს თვალში სწორად იქნება აღქმული. სამართლიანობა მოითხოვს რომ ამ ოლიმპიადაზე წასვლის თანხმობა ჩვენ მივეცით პრეზიდენტ სააკაშვილის დროს და მე მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი ამისი. მაგრამ სამწუხაროდ ვიყავი უმცირესობაში და ამას ემხრობოდა მაშინ პრეზიდენტიც და თვლიდა, რომ შეიძლება არ არის სასიამოვნი, მაგრამ საჭიროა და ეს უნდა გავაკეთოთ. ჩემი აზრით ცდებოდა მაშინ ისიც და ცდება ახლა პრემიერიც, ვინც ამ პოზიციაზეა,"- განაცხადა ნიკა რურუამ.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი პირველი მეჩირაღდნე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე სამხედრო მფრინავი ივან ნაჩაევი იქნება. ნაჩაევი 2008 წლის აგვისტოში საქართველოში "სუ 25"-ის ტიპის თვითმფრინავით საბრძოლო დავალებებს ასრულებდა. აღნიშნული ომის შემდეგ მას რუსეთში გმირის წოდებაც მიენიჭა.