,,ტესტების ჩაბარების დრო საქართველოში ნელ-ნელა უნდა დასრულდეს", _განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე.
მისივე განცხადებით ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად ქართველი ხალხის არჩევანი უცვლელია და ის არის ევროპული.
,,მინდა ხაზი გავუსვა ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი ქართველი ხალხის ურყევ და სრულიად მკაფიოდ გამოხატულ მხარდაჭერას, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩატარებული სხვადასხვა კვლევებით კიდევ ერთხელ დადასტურდა. საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას უკვე ორი ათწლეულია მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80%-მდე. სწორედ ეს ფაქტი და სწორედ ეს მოვლენა განაპირობებს იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები, ხელისუფლების ცვლილებები არ და ვერ ცვლის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მიმართულებას. 20 დღეში ჩვენ ჩავატარებთ საპრეზიდენტო არჩევნებს. ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მხრიდან სულ უფრო და უფრო ნაკლებად გვესმის, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები მორიგი ჩასაბარებელი ტესტი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ტესტების ჩაბარების დრო საქართველოში ნელ-ნელა უნდა დასრულდეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვინდა, რომ ეს არჩევნები და საარჩევნო კამპანია ვილნიუსის სამიტის წინ იყოს მკაფიო დემონსტრირება იმისა, თუ რა შეიცვალა საქართველოში და რატომ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა ევროპელი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.