აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ვლადისლავ არძინბას 9 მარტს მშობლიურ სოფელ ქვემო ეშერაში დაკრძალავენ. ინფორმაცია ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის პრესსამსახურმა გაავრცელა.
ვლადისლავ არძინბას მოსკოვიდან სოხუმში დღეს გადაასვენებენ. მისი სამოქალაქო პანაშვილი სოხუმში აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ფილარმონიაში შენობაში 8-9 მარტს გაიმართება. არძინბას გარდაცვალებასთან დაკავშირებით აფხაზეთში გლოვაა გამოცხადებული.
ვლადისლავ არძინბას ქვრივის განცხადებით, მან ანდერძად დაიბარა, რომ იგი მდინარე გუმისთის ნაპირზე დაემარხათ, იქ სადაც 1992 - 1993 წლებში ფრონტის ხაზი გადიოდა.
"ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მან შეადგინა ანდერძი, სადაც ითხოვს დაკრძალონ მშობლიურ სოფელში ქვემო ეშერაში, რომელიც მდინარე გუმისთასთან ახლოს მდებარეობს, ანუ იქ სადაც ქართულ -აფხაზური ომის დროს ფრონტის ხაზი გადიოდა და ჩვენი ბიჭები იბრძოდნენ", _ განაცხადა არძინბას ქვრივმა.