"ამ ერთი წლის მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო გაგვეაზრებინა რა ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც საჭირო იყო და გაგვეაზრებინა განვლილი გზა. გავიაზრეთ და შევთანხმდით კონკრეტულ საკითხებზე - ძალაუფლების მონოპოლიზაცია დამღუპველია,"- ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ სპორტის სასახლეში მიმდინარე "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. 10 წლის წინ ქართულმა საზოგადოებამ გვანდო ქვეყანა კრიმინალით და კორუფციით, ჩამოშლილი ბიუროკრატიით, სადაც არ იყო არა მარტო სტაბილურობა, არამედ იყო უპერსპექტივობა ყველა ადამიანის თვალში. ერთი წლის წინ კი, იგივე საზოგადოებამ სხვა ძალას ანდო ამ ქვეყნის მართვა, მაგრამ ჩვენ მათ გითხრეს, რომ თვალი გვეჭიროს, ვაკონტროლოთ, რომ ქვეყანა უკან არ დაბრუნდეს და ქვეყანამ წინსვლა გააგრძელოს და განვითარდეს. დღეს ჩვენ ისევ ერთად ვართ, ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაში და ერთიანობაშია და მთავარი, რაც ჩვენ გვაერთიანებს, არის ამ ქვეყნის განვითარების ურღვევი მუხტი. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები, გვაერთიანებს სურვილი და წყურვილი ამ ქვეყნის განვითარების, გვაერთიანებს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და განვითარდეს, იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ყველასთვის მისაბაძი და საამაყო ქვეყანა იყოს. გახსნილობას, ღიაობას, დემოკრატიას და ჩართულობას ალტერნატივა არ აქვს. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა ვიქნებით ჩართულები. ჩვენ გვაქვს ქვეყნის განვითარების ჟინი,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, თბილისში, სპორტის სასახლეში "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა მიმდინარეობს.
"ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს აირჩევენ, რაც შეეხება გენერალური მდივნის პოსტს, მას ისევ პატიმრობაში მყოფი მოქმედი გენმდივანი ვანო მერაბიშვილი შეინარჩუნებს.
სპორტის სასახლეში მიმდინარე "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას დედაქალაქში მცხოვრებ პარტიის მხარდამჭერებთან ერთად, რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობაც ესწრება.