"თუ დადგინდება, რომ როგორც კამერის დამონტაჟება, ისე მასალის გატანა მოხდა კანონის უხეში დარღევით, მაშინ შესაძლებელია კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს. ასეთი ტიპი მასალასთან წვდომა როგორც ვიცი, მხოლოდ ციხის უსაფრთხოების სამსახურს უნდა ჰქონდეს,"- ამის შესახებ ექპერტმა კახა კახიშვილმა შს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელების ფაქტის კომენტირებისას ისაუბრა.
როგორც კახიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განმარტა, პატიმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფიდან გამომდინარე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს უფლება აქვს საკანში დაამონტაჟოს ვიდეოკამერა, მაგრამ ამ ფაქტის შესახებ კონკრეტული მსჯავრდებული ინფომირებული უნდა იყოს.
"როგორც ჩემთვის ცნობილია, თვითონ წესი ზოგ შემთხვევაში, პატიმრების უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით ითვალისწინებს პრობლემური მსჯავრდებულის მეთვალყურეობას ვიდეოსათვალთვალო კამერის მეშვეობით. აქ გსარკვევია რამდენად კანონიერად ხორციელდებოდა ვიდეოჩაწერა. ვიდეოკამერა პატიმრის საკანში მისი ნებართვით მონტაჟდება და ბუნებრივია, ის 24 საათიან რეჟიმში აკვირდება პატიმრის უსაფრთხოებას. მეორეც, საინტერესოა თვითონ ეს კადრები როგორ გახდა საზოგადოებისთვის ხელმისაწდომი. იმიტომ, რომ პატიმრის ყოვლედღიური ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები როგორც წესი, ვიღაცის ხელში არ უნდა მოხვედრილიყო. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ რამდენიმე საკითხი იკვეთება - უნდა გაირკვეს თვითონ სასჯელაღსრულების სამინისტროში იყო თუ არა კამერა დამონტაჟებული თვითონ მინისტრის უშუალო ნებართვით, იცოდა თუ არა კამერის დამონტაჟების შესახებ ბრალდებულმა ახალაიამ და ვინ გაიტანა ეს ჩანაწრები,"- განაცხადა კახიშვილმა.
ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვიდეო და აუდიოჩანაწერების გავცელების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ სკანდალის გამოწვევა შეიძლებოდა ყოფილყო და აუცილებელია დადგინდეს, ვისი მეშვეობით გავრცელდა ციხის საკანში გადაღებული ფარული ჩანაწერები მედიასაშუალებებით.
"მხოლოდ სკანდალი შეიძლებოდა ამის მიზანი ყოფილყო. ერთია, რომ კამერაც კანონიერად იყო დამონტაჟებული და მეთვალყურეობაც კანონიერად ხდებოდა და მეორეა, რომ ვიღაცას ამ თემაზე სკანდალის მოწყობა აწყობდა, რომ თითქოს ახალაიას ფარულად აკვირდებოდნენ ისე, როგორც მისი სასჯელაღსრულების სამინისტროს თავმჯდომარეობის დროს ფარულად აკვირდებოდნენ მსჯავრდებულებს ისე, რომ ბრალდებულებმა და მსჯავრდებულებმა არც კი იცოდნენ იმის შესახებ, რომ ფარული კამერებია დამონტაჟებული. კამერის დამონტაჟებას აქვს ორი თვისება - ერთია ღია კამერა, რომელიც ვიზუალუარდ ჩანს, რომ ვიდეოთვალი გიყურებს და არის ფარული კამერა, რომელიც ისეა დამონტაჟებული, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია მისი ნახვა. ვიცით, რომ ყოფილი ხელისუფლების კარგად აპრობირებული მეთოდი იყო უხილავი ფარული კამერებით აღჭურვა არა მხოლოდ საკნების, არამედ გრძელვადიანი პაემნების ოთახების, სასტუმროების და ასე შემდეგ. აქ განსხავება ორია - ერთია ის, რომ უნდა იყოს კანონიერად დამონტაჟებული ხილული ვიდეოკამერა, რომ იცოდეს ადამიანმა რომ ის იმყოფება ვიდეოკამერის მეთვალყურეობის ქვეშ და ამ შემთხვევაში თუ ასეთი ტიპის კამერაა დამონტაჟებული, მაშინ პრობლემა არ არის. და მეორეა თუ ფარულადაა კამერა დამონტაჟებული. ისე, რომ შეუძლებელია მისი ნახვა და ამავდროულად კანონის უხეში დარღვევით კონკრეტული ადამიანის პირადი ცხოვრებას აკვირდებიან, რისი გამოცდილებაც იმ ხელისუფლებას ძალიან დიდი აქვს. ამიტომ, თუ კამერა იყო დამონტაჟებული კანონიერად, შესაძლებელია ამ მასალის ვიზუალურად დემონსტრირება ხდება იმ კუთხით, რომ ძველი და ახალი ხელისუფლების მოქმედებებს და მუშაობის სტილს შორის პარალელების გავლება მოხდეს. ხოლო თუ კამერა არის დამონტაჟებული კანონის უხეში დარღვევით, აქ უკვე კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე,"- აღნიშნა კახიშვილმა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელთ არსებულ რამდენიმესაათიან ვიდეომასალაში ბაჩო ახალაიას და მისი ადვოკატის შეხვედრის ვიდეოჩანაწერიც არსებობს, ექსპერტი თვლის, რომ თუ ამ ფაქტის შესახებ ახალაია და მისი ადვოკატი საქმის კურსში იყვნენ და მათი საუბრის აუდო ჩაწერა არ ხორციელდებოდა, მაშინ არავითარ პრობლემასთან საქმე არ გვაქვს.
"ადვოკატთან შეხვედრის კადრები შესაძლებელია გადაღებული იყოს, მთავარია ხმა არ იყოს მოხვედრილი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, აქაც შესაძლებელია ეს იყოს უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული ქმედება. თუ ახალაიამ და მისმა ადვოკატმა იცოდნენ, რომ ვიდეომეთვალყურეობა მიმდინარებს, არ ვსაუბრობ აუდიო მეთვალყურეობაზე, და ეს კამერა დამონტაჟებული იყო მინისტრის ბრძანებით, აქ მე პრობლემას ვერ ვხედავ. აქვე საინტერესოა ადვოკატი კამერაში რატომ ხვდებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფს და რატომ არ ხვდებოდა სპეციალურ საგამოძიებო ოთახში,"- დასძინა კახა კახიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები გაავრცელა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.