"თუ მის შეხვედრებს ადვოკატთან ისმენდა ვინმე და ეს დაფიქსირებულია და ამის მტკიცებულება არსებობს, ეს არის ადამიანის უფლებების ძალიან სერიოზული დარღვევა,"- ამის შესახებ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ შს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელების ფაქტის კომენტირებისას ისაუბრა.
"არსებობს ადვოკატთან შეხვედრის უფლება და ამის კონფიდენციალობის უფლება, რისი დარღვევის უფლებაც ნამდვილად არავის აქვს და შესაბამისად, ეს ფაქტი გამოძიებული, დადასტურებული და დამტკიცებული უნდა იყოს და თუ ეს ნამდვილად ასეა, ეს დარღვევაა, მაგრამ არ ვიცი რამდენად სწორია რასაც აცხადებენ,"- განაცხადა მანანა კობახიძემ.
ცნობისთვის, გუშინ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები გაავრცელა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.