საპარლამენტო უმცირესობისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის წინადადება სწორი, კომპრომისული და მისღებია. ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომელმაც ჟურნალისტებს პარტიის პოზიცია გააცნო.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკანონმდებლო ცვლილება მიღებული იქნას ძალიან ფრთხილი და ხანგრძლივი განხილვის შემდეგ. ამიტომ მიმაჩნია, რომ დღეს გახმაურებული წინადადება ნამდვილად სწორი, კომპრომისული და მისღებია. საპარლამენტო უმცირესობის სახელით მინდა ჩვენი მხარდაჭერა, მზადყოფნა გამოვხატო და გამოვთქვა იმედი, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ასეთივე კონსტრუქციული სულისკვეთებით მიუდგება ამ საკითხს", _განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი საქართველოს ორგანულ კანონში ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ცვლილებების ეხმიენება, რომლიც მოსამართლეთა უვადო დანიშვნას და უვადოდ დანიშვნამდე სამწლიან გამოსაცდელ ვადას ეხება. კუბლაშვილი პარლამენტს მოუწოდებს დროებით შეაჩეროს კანონპროექტის განხილვა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე რომელიც წარმოადგენს სასამართლო სისტემის ერთ-ერთ უმთავრეს კონსტიტუციურ გარანტიას მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ნამდვილად სწორი და მიზანშეწონილი არ იქნება თუ ასე სწრაფად თუნდაც კონსტიტუციით მოთხოვნილ უმცირეს ვადებში განვიხილოთ და მივიღოთ ეს პროექტი. ჩვენ არ გვქონია დრო ამ საკითხის დეტალურად განსახილველად, ჩვენ ვიმსჯელეთ მხოლოდ პრინციპებზე და არა იმ კონკრეტულ ნორმებზე, რომელიც კანონშია მითითებული. ამიტომ მინდა პარლამენტს შევთავაზო წინადადება, რომლის მიხედვით ისინი დროებით შეაჩერებენ კანონის მიღების პროცესს. სამაგიეროდ სასამართლო ხელისუფლება აცნობებს ყველას, მათ შორის პარლამენტსაც, რომ სულ მცირე აპრილამდე აღარ მოხდება ახალი მოსამართლეების დანიშვნა", _განაცხადა კუბლაშვილმა.