სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილის განაცხადებით, აბსოლუტურად უსაფუძვლო ყიჟინაა, თითქოს მინისტრები არ ჩადიან კონფლიქტის ზონაში.
,,რუსები თავიანთ მოქმედებებს აგრესიულად განაგრძობენ, ისევე, როგორც ექვსპუნქტიან შეთანხმებას არ ასრულებენ. აშკარად ჩანს, რომ ის საჭიროებები, რომელიც აღწერილ სოფლებშია სხვა სოფლებზეც გავრცელდება. შესაბამისად, ჩვენ მუდმივმოქმედი დროებითი სამთავრობო კომისია გვჭირდება. რეინტეგრაციის სამინისტრო ერთ-ერთი კოორდინატორი იქნება. მოვიძიებთ ინფორმაციას, ერთ ანალიტიკურ სივრცეში მოვათავსებთ და სხვადასხვა სამინისტროებს გადავუგზავნით. ყიჟინა, თითქოს მინისტრები რატომ არ ჩადიან, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. სამინისტროების წარმომადგენლები ადგილზე რეგულარულად მუშაობენ. მიუხედავად ამისა, სამინისტროების ხელმძღვანელობაც ადგილებზე ხშირად იმყოფება. ჩემი მოადგილე და დავით ნარმანიაც იმყოფებოდნენ კონფლიქტისპირა სოფლებში", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში სამთავრობო კომისიის სხდომაზე იმყოფება.