"ჩვენ სააკაშვილსაც კი სახე შევუნარჩუნეთ, იმხელა ძალა და ისეთი მუხტი ვაჩვენეთ სააკაშვილს, რომ მიხვდა, რომ ძალა აღარ ჰქონდა,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე აღნიშნა, "დღეს ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ და ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი და ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებული ევროპული ქვეყნების რიგში ჩავდგეთ".
"მართლაც სასწაული მოვახდინეთ. ის სიტუაცია, რომელიც იყო, როგორ ძალადობდა ხელისუფლება საკუთარ ხალხზე, როგორ ჰქონდა ყვლაფერი დაბალანსებული და როგორ ჰქონდა თითქოს განაღდებული და როგორ ავაყირავეთ ჩვენ ეს დაბალანსებული სიტუაცია და როგორ ბრძნულად მოვაწყვეთ და როგორი კარგი ორგანიზება გავაკეთეთ. ამას სულ ყველაფერს გავიხსენებთ და მართლაც შეიძლება ერთმანთს მივულოცოთ. რეჟისორი რობიკო სტურუა მეუბნებოდა, იცოდე ეგენი უსისხლოდ არ წავლენო და სულ ვეუბნებოდი რობიკოს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებდით, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დაგვესრულებინა,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.