"სავალალო მდგომარეობაა, იმდენად, რამდენადაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ერთი ძალოვანი უწყების მინისტრისგან, რომ ეს გამოძიება დასრულებული არ არის და გაჭიანურებულია და ამის გამო იგი უკმაყოფილებას გამოხატავდა ამ ფაქტთან დაკავშირებით და რეს აბსოლუტურად საწინააღმდეგო განცხადებას ვღებულობთ," ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ე.წ. ჯიჰადის ვიდეოების გახსნის თაობაზე შნაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირესისას ისაუბრა.
მისივე თქმით, "მთავრობის წევრებს შორის ასეთი შეუთანხმებლობა აბნევს როგორც საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს და დიდ გაურკვევლობას თესავს".
"ჯიჰადის ვიდეოების გავრცელების საქმეში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა,"- ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.
"ჯიჰადის ვიდეოების საქმე გამოძიებულია დიდი ხანია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდებოდა აქამდე. შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირი დადგენილია და მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა,"- განაცხადა ნინო გიორგობიანმა და დასძინა, რომ აღნიშნულ საკითხზე დამატებითი დეტალები საზოგადოებისთვის ხუთშაბათს გახდება ცნობილი.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას გუშინდელ განცხადებას, გიორგობიანის თქმით, კარგი იქნებოდა მას საკითხი კოლეგა მინისტრთან გადაემოწმებინა, ვიდრე განცახდებას გააკეთებდა.
შეგახსენებთ, რომ თალიბების სახელით საქართველოს შეიარაღებული ძალებისადმი მუქარისშემცველი ვიდეოკლიპები ინტერნეტსივრცეში 6 ივნისს გავრცელდა.