დღეს, 5 მარტს, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ვლადისლავ არძინბას პირველი სამოქალაქო პანაშვიდი მოსკოვში გაიმართება. განცხადება ამის შესახებ აფხაზეთის ე. წ. ელჩმა რუსეთის ფედერაციაში იგორ ახბამ გააკეთა. მისი თქმით, მოსკოვში სამოქალაქო პანაშვიდის გამართვის შემდეგ აფხაზეთის ე. წ. პირველი პრეზიდენტის ცხედარს აფხაზეთში გადაასვენებენ.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის თუ კონკრეტულად სად გაიმარება მოსკოვში არძინბასთან გამოთხოვების ღონისძიება.
შეგახსენებთ, რომ ვლადისლავ არძინბას დამკრძალავ ე. წ. სახელმწიფო კომისიას აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში უხელმძღვანელებს. სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის დაბადების დღეს, 4 მარტს გარდაიცვალა. არძინბა 64 წლის იყო, სერგეი ბაღაფშს კი 61 წელი შეუსრულდა.