ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) დირექტორის ვახუშტი მენაბდის შეფასებით, საქართველოს მოქალაქის ქვეყნიდან გასვლაზე კანონში ახალი შეზღუდვები არ უნდა შევიდეს.
როგორც მენაბდემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, კანონპრექტი, რომელიც "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" კანონში ცვილებების შეტანის შემდეგ უნდა შევიდეს ძალაში, მთელი რიგი პროცედურული საკითხების გაუთვალისწინებლობის გამო, ამ ეტაპზე მოუმზადებელია, რადგან ისიც კი არ არის განსაზღვრული, თუ რა კრიტერიუმით უნდა შეირჩეს ადამიანები, რომელთა ქვეყნიდან გასვლაც სახელმწიფოს ინტერესებისთვის საფრთხისშემცველად მიიჩნევა.
"პროექტი ითვალისწინებს უსაფრთხოების და უშიშროების დაცვის თვალსაზრისით გათვალსიწინებული არგუმენტებით გარკვეულ შეზღუდვებს, რაც თავისთავად კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ გარკვეული დამატებით დაზუსტებებია საჭირო. მაგალითად, ვფიქრობ, რომ არადამაკმაყოფილებელია შერჩევის პრინციპი, თუ რა სტატუსის მქონე პირებს უნდა შეეხოთ შეზღუდვები. იქ საუბარია, რომ შესაძლოა, მას ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა გართულებული ჰქონდეს და ეს პრობლემურია. გასაცივრების პროცედურებია მნიშვნელოვანი, თვითონ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცედურებია მნიშვნელოვანი. მოკლედ, მთელი რიგი საკითხებია გაუმჭვირვალე და ამ თვალსაზრისით კითხვებს აჩენს. დახვეწას საჭიროებს კანონპროექტი. ზოგადად რა თქმა უნდა ეს ყველა მოქალაქეზე არ გავრცელდება. ეს არის ტერორიზმის საფრთხეებიდან გამომდინარე მღებული კანონპროექტი და გავრცელდება მათზე, ვისზეც სახელმწიფო ჩათვლის, რომ მათი ქვეყნიდან გასვლა საზოგადოების უსაფრთხოებას ან სახელმწიფო უშიშროებას საფრთხეს უქმნის. ვფიქრობ, რომ კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული,"- განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვახუშტი მენაბდემ.
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებეების თანახმად, საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან გასვლაზე, პასპორტის გაცემაზე, პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, ასევე საზღვრის გადაკვეთაზე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლოა, უარი ეთქვას.
ცნობისთვის, კონსტიტუციის 22-ე მუხლით გათვალისწინებული რეგულაციების თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია, თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. კონსტიტუციაში არნიშნულია, რომ ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.