რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სადაზვერვო სამსახურებსა და სამოქალაქო უწყებებს დაავალა, წარმოადგინონ წინადადებები ბირთვული იარაღის ტესტირებისთვის მომზადების შესაძლებლობის შესახებ.
„მე ვავალებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სპეცსამსახურებს და შესაბამის სამოქალაქო უწყებებს, გააკეთონ ყველაფერი, რათა შეაგროვონ დამატებითი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, გააანალიზონ ის უშიშროების საბჭოს დონეზე და წარმოადგინონ კოორდინირებული წინადადებები ბირთვული იარაღის ტესტირებისთვის მზადების შესაძლო დაწყების შესახებ“, - განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პენტაგონს მისცა დავალება, „დაუყოვნებლივ დაიწყოს შეერთებული შტატების ბირთვული იარაღის გამოცდა“.
უფრო ადრე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე, ჩაატარა ბირთვული ძრავით აღჭურვილი შეუზღუდავი მანძილის ფრთოსანი რაკეტის - "ბურევესტნიკის" - გამოცდა.