საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდოამრის ირინა იმერლიშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ წესდება.
იმერლიშვილის თქმით, აღნიშნულს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მესამე პუნქტი არეგულირებს. როგორც დეპუტატი განმარტავს, აღნიშნული პუნქტი იმოქმედებს ახალი კონსტიტუციის ფარგლებშიც და ის გადმოტანილია იმ კანონში, რომლითაც მოსახლეობის საზღვარზე შემოსვლა და გასვლა განისაზღვრება.
„ასე რომ ეს აჟიოტაჟი არის ნამდვილად ზედმეტი. არანაირი ახალი ნორმა, ახალი შეზღუდვა, ახალი რეგულაცია არ უწესდებათ მოქალაქეებს გარდა იმისა, რაც ისედაც იყო საქართველოს კონსტიტუციაში. ეს კანონპროექტი არ არის დაჩქარებული წესით განსახილველი. ეს არის ზუსტად კონსტიტუციური ნორმა გადმოტანილი და საზგადოებრივი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესაძლოა შეჩერდეს ადამიანის გადასვლა საზღვარზე," - ამბობს იმერლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ აჟიოტაჟი "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" კანონში დაგეგმილმა ცვლილებებმა გამოიწვია. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან გასვლაზე, პასპორტის გაცემაზე, პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, ასევე საზღვრის გადაკვეთაზე უარი შეიძლება ეთქვას სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხიების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე.