საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრო ბარნოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 68-ე სესიაზე ყველაზე საუკეთესო იყო, ამ ასამბლეის სიტორიაში.
ბარნოვის შეფასებით, "ნიშანდობლივი იყო ის, რომ რუსეთის დელეგაციამ დარბაზი დატოვა არა მაშინ, როდესაც პრეზიდენტი საუბრობდა იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში ატარებს, არამედ სწორედ მაშინ, როდესაც მან ისაუბრა პირადად ვლადიმერ პუტინის შესახებ".
"მოვუწოდებდი როგორც ჩვენს მოსახლეობას მთლიანად, ასევე პოლიტიკოსებს, მთავრობას ყურადღებით მოისმინონ ეს გამოსვლა, რომელიც ჩემის აზრით, იყო ყველაზე საუკეთესო, რაც ოდესმე გაჟღერებულა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. სხვათა შორის, რუსეთის დელეგაციამ ამ გასვლით პრაქტიკულად დაადასტურა ის, რაზეც პრეზიდენტი საუბრობდა,"- განაცხადა ანდრო ბარნოვმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნიუ იორკის დროით 18:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 68-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა და ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე საგარეო საფრთხეებზე და საქართველოსადმი რუსეთის დამოკიდებულებაზე ვრცლად ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ფედერაციის დელეგაციამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.