"საკმაოდ უცნაური ფორმატის და ტონალობის შეხვედრა იყო, რაც ერთგვარად პრემიერ-მინისტრის მხრიდან ექსპერტებთან საქმის გარჩევას გავდა,"- ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ ექსპერტებთან დღეს გამართული შეხვედრის კომენტირებისას ისაუბრა.
გაბაშვილის თქმით, "პრემიერ-მინისტრმა უნდა იცოდეს, რომ როგორი გამაღიზიანებელიც არ უნდა იყოს, არსებულ მდგომარეობას და სიმართლეს ყველგან გაიგებს".
"ეს სიმართლე არის ის, რომ ეკონომიკა არ ვითარდება, ეკონომიკა გაჩერებულია, სამუშაო ადგილები იკლებს, კრიმინალი იზრდება და ქვეყანა არის რთულ ვითარებაში. ის კი არ უნდა გაღიზიანდეს, არამედ უნდა დაფიქრდეს იმაზე, რატომ არ მუშაობს მისი მთავრობა,"- განაცხადა გოკა გაბაშვილმა
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ექსპერტებს შორის დღეს გამართული შეხვედრა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას ექსპერტებსა და ივანიშვილს შორის რიგ საკითხებზე შეკამათებაც მოხდა. პრემიერმა ექსპერტებს მთავრობის მუშაობისადმი მუდმივად კრიტიკული მიდგომები დაუწუნა და მათ მიერ სხვადასხვა მედიასასუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუებსი გაჟღერებული მკვეთრი განცხადებების გამო, განმარტებები მოსთხოვა.