"რაც არ უნდა აგრესიული იყოს რუსეთი, საპასუხო აგრესიაზე ფიქრი არ შეიძლება," ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ დვანთან რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლების პროცესის კომენტირებისას ისაუბრა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული უთანხმოების მოსაგვარებლად აგრესიულ მიდგომას სხვა მშვიდობიანი ბერკეტების გამოყენება სჯობია და საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ კუთხით აპირებს მუშაობის წარმართვას.
"ქართულმა მხარემ უნდა გამოვიჩინოთ განსაკუთრებული სიმტკიცე და განსაკუთრებული სიმშვიდე. ეს ორი სიტყვა არის ჩვენი ხელისუფლების წამყვანი რუსეთთან ურთიერთობაში და უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ რაც არ უნდა აგრესიული იყოს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, არავითარ შემთხვევაში საპასუხო აგრესიაზე ფიქრი არ შეიძლება. ამისათვის არსებობს სხვა ბერკეტები, თუმცა ეს ბერკეტები გრძელვადიანია, მაგრამ ეს სახელმწიფოსთვის უფრო სწორი გზაა,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.