,ევროპარლამენტარები შეშფოთებული არიან წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ძალადობის შემთხვევებით", _განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქარაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიასთან შეხვედრის შემდეგ.
ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება ამ ხარვეზს გამოასწორებს.
,, ჩემი კოლეგები ევროსაბჭოდან განსაკუთრებით შეშფოთებული არიან ძალადობის შემთხვევებით რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აქვს ადგილი. იმედია, ხელისუფლება ადეკვატურად მიუდგება მათ შეშფოთებებს", _განაცხადა ბაქრაძემ.
შეხვედრას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან ესწრებოდნენ საქართველოს თანამომხსენებლები მიკაელ იენსენი (დანია) და ბორის სილევიჩი (ლატვია). ასევე ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე ანდერს ჰერკელი (ესტონეთი), მარიხელ მატეუ (ანდორა), ჯონ ტომლისონი (დიდი ბრიტანეთი), ქრისტოფერ ჩოპი (დიდი ბრიტანეთი) და ვასილ ლიხაჩევ (რუსეთი) შეხვედრაზე განიხილეს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა, კამპანიისთვის ხელის შეშლის, მათ შორის ძალადობის ფაქტები. ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ძალადობაში მონაწილე პირებისთვის სასჯელის არაადექვატურ ზომაზე და კამპანიის თავისუფალ გარემოში მიმდინარეობის ხელისუფლების მიერ უზრუნველყოფის აუცილებლობა.
ხაზი ასევე გაესვა ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებულ წინასწარ პატიმრობას რომელიც მასიურ დაკითხვებთან ერთად მნიშვნელოვნად ზღუდავს ნაციონალური მოძრაობის მიერ სრულფასოვანი კამპანიის წარმოების შესაძლებლობას.
დავით ბაქრაძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსის გაგრძელების აუცილებლობას.