საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ რუსეთის ფედერაცია საკუთარ ქმედებებს გადახედავს და დამოკიდებულებებს გადააფასებს.
როგორც კვირიკაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ დვანთან რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლების პროცესის კომენტირებისას აღნიშნა, მიუხედავად რუსეთთან აღდგენილი სავაჭრო ურთიერთობისა, მეზობელი ქვეყანა რიგ დამოკიდებულებებს არ ცვლის და არანაირი სავაჭრო ურთიერთობა საქართველოს ერთი გოჯი მიწის ფასადაც კი არ ღირს.
"სამწუხაროა, რომ ეს პროცესი ასე ძალიან მწვავედ მიდის და პრინციპში, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ფაქტიურად არ შეცვლილა. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ სავაჭრო ურთიერთობები ვითარდება, თუმცა მინდა ვთქვა, რომ არანაირი სავაჭრო ურთიერთობა საქართველოს ერთი გოჯი მიწის ფასადაც კი არ ღირს. აქედან გამომდინარე, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს იქნება დროებითი და მე იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ მოვა ალბათ დრო, როდესაც რუსეტი გადააფასებს თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს საქართველოს მიმართ,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.