აფხაზეთში რუსი დიპლომატის დიმიტრი ვიშერნევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეორე პიროვნება ნალჩიკში დააკავეს და დააპატიმრეს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა გააკეთა.
„ გამოძიების სტადიაში მყოფ დანაშაულში თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილი 1988 წელს დაბადებული ისხან საბანჩიევი ქალაქ ნალჩიკში დააკავეს. სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად მას პატიმრობა მიუსაჯა",_ განაცხადა მარკინმა.
აღსანიშნავია, რომ 19 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სოხუმში რუსი დიპლომატისა და მისი მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა დადგენილია. ეს ადრე ადრე ნასამართლები ქალაქ გროზნოს მცხოვრები 1988 წელს დაბადებული იუსუპ ლაკაევია, რომელიც პატიმრობიდან 2011 წლის 6 მაისს გათავისუფლდა. ლაკაევი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრობაზე იხდიდა სასჯელს. გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ლაკაევი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა.
მიმდინარე წლის 13 სექტემბერს ქალაქ ბათუმში პოლიციის თანამშრომლებთან ურთიერთსროლის შედეგად ის დაიჭრა. ლაკაევი ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს. რუსეთის პროკურატურა საქართველოში ლაკაევის ექსტრადაციის მოთხოვნის გამოგზავნას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ე.წ. რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი დიმიტრი ვიშერნიევი მიმდინარე წლის 9 სექტემბერს მოკლეს. მოგვიანებით მისი მძიმედ დაჭრილი მეუღლე სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა.