უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები შეხვედრისა და ერთობლივი ნაბიჯებისთვის ემზადებიან.
ზელენსკის ინფორმაციით, ბერნემთან საუბარი ძალიან კარგი და დროული იყო. უკრაინის პრეზიდენტმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის საჰაერო თავდაცვა უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.
„მნიშვნელოვანია, არსებობდეს რეალური გადაწყვეტილებები უკრაინაში ადამიანების სიცოცხლის დასაცავად და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩვენი ერთობლივი მუშაობისთვის. დიდი ბრიტანეთის ლიდერობა ყოველთვის იგრძნობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბრიტანეთი რუსეთის ესკალაციის გამო მის წინააღმდეგ სანქციების ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს.
ეს საკითხები განვიხილეთ, ასევე ის, თუ რა შეიძლება რეალურად დაეხმაროს დიპლომატიას შედეგის მიღწევაში. სწორ ერთობლივ ნაბიჯებსა და შეხვედრას ვამზადებთ. მადლობა“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ზელენსკი ასევე ესაუბრა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, იონას გარ სტორეს და უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან უკრაინაზე რუსეთის თავდასხმები განიხილა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ახალი ნაბიჯების გადადგმა, რათა მოსკოვს არ შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს მას შეუძლია, მსოფლიო გატეხოს და ომი უსასრულოდ გააგრძელოს.
„ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდია და საჭიროა ახალი ნაბიჯების გადადგმა, რათა რუსეთს არ შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს მას შეუძლია, მსოფლიო გატეხოს და ომი უსასრულოდ გააგრძელოს. მას დღეს რუსეთის თავდასხმების შესახებ მივაწოდე ინფორმაცია - ეს ძალიან ვერაგული დარტყმები მთელი დღის განმავლობაში გრძელდება.
მადლობელი ვარ ნორვეგიის, რომ მზად არის, დახმარება გაგვიწიოს. მომავალშიც გავაგრძელებთ მოქმედებების კოორდინაციას, ვამზადებთ შეხვედრებსა და ერთობლივ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.