უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან რუსეთის ნავთობპროდუქტებზე აშშ-ის სანქციების შემსუბუქების შემდეგ წარმოქმნილი გამოწვევები განიხილა.
ზელენსკის განცხადებით, საუბარი შაბათს, კიევზე რუსეთის ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის დროს შედგა.
„აშკარაა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი პაკეტები სჭირდება. შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად ყველა პარტნიორთან ვმუშაობთ.
სამწუხაროდ, ამ დღეებში კვლავ არსებობს სარაკეტო დარტყმების საფრთხე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საპასუხოდ მნიშვნელოვანია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება და ერთობლივი, გაბედული ნაბიჯების გადადგმა.
„განვიხილეთ ნავთობპროდუქტებზე სანქციების შემსუბუქებასთან დაკავშირებული გამოწვევები. რუსებმა უნდა იგრძნონ, რომ ომის გაჭიანურების შესაძლებლობა აღარ დარჩებათ. კონკრეტულ საკითხებზე კოორდინაციას ვახდენთ და შეხვედრებს ვამზადებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.