ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახური გაფრთხილებით გამოდის და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ „საქართველოს მხრიდან, დვანის მიდამოებში ადგილი ექნება საზღვრის დარღვევის მცდელობას ან საზღვრის მოწყობის სამუშაოებისათვის ხელის შეშლას დამნაშავეები დააპატიმრებენ და პასუხისგებაში მისცემენ". სეპარატისტების განცხადებას რუსული მედია ავრცელებს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახური იუწყება, რომ დაუდგენელმა პირებმა საქართველოსა და ცხინვალის რეგიონს შორის მდებარე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ სოფელ დვანთან პროვოკაციის მოწყობა სცადეს.
„უცნობი პირები გადმოვიდნენ საზღვარზე და ზღუდის აღმართვა სცადეს. დვანის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხის დიდი თავშეყრა დაფიქსირდა. არსებითად გაზრდილია პოლიციისა და ევროკავშირის დამკვირვებლების რაოდენობა, თუმცა არც პოლიცია და არც დამკვირვებლები სიტუაციაში არ ერევიან", _ იუწყებიან ოსი სეპარატისტები.