ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლებების დასაცავად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადვოკატებს აგზავნის. ამას გარდა, აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის პრეზიდენტის სახელზე მიმართვას აგზავნიან, რომელშიც მას აფხაზეთში მათი ქონებრივი უფლებების დაცვას კიდევ ერთხელ სთხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი „იზვესტია" ავრცელებს.
„აფხაზეთში მცხოვრებმა რუსებმა სურკოვს დახმარება სთხოვეს" ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი „იზვესტია" და აღნიშნავს, რომ ოჯახები, რომლებიც აფხაზეთში რუსი დიპლომატის მკვლელობის შემდეგ იურიდიული დახმარების გარეშე დარჩნენ.
„აფხაზეთში რუსი დიპლომატისა და მისი მეუღლის მკვლელობის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებისათის წართმეული ქონების ირგვლივ სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. ორგანიზაცია „სამართლიანობა და კანონის" ინფორმაციით, 160 ოჯახის წევრებს, რომლებსაც ქონებასთან დაკავშირებული განცხადებები დაწერილის ჰქონდათ, რუსი დიპლომატის მკვლელობის შემდეგ უკვე ემუქრებიან",_წერს „იზვესტია".
ფონდ „სამოქალაქო თანამშრომლობის" მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეებისათვის აფხაზეთში წართმეული ქონების შესახებ ისტორიები ათასობითაა. მოკლული დიპლომატი იყო ერთადერთი რუსეთის ე.წ. საელჩოში, რომელიც ამგვარი საკითხების მოგვარებით იყო დაკავებული. ის თავის თანამოქალაქეებთან ერთად სასამართლოებში დადიოდა.
ამას გარდა, გაზეთის ინფორმაციით, აფხაზეთში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს წერილი მისწერეს და ქონებრივი საკითხების გადაწყვეტასა და მათი უფლებების დაცვაში დახმარება სთხოვეს.
„იზვესტიას" ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოყო ფულადი სახსრები ადვოკატებისათვის, რომლებიც აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების ინტერესების წარმომადგენლები იქნებიან.
„ადვოკატები აფხაზეთში თანამემამულეების მხარდაჭერისა და უფლებების დაცვის ფონდის ხაზით გაემგზავრებიან. ეს ფონდი რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით 2012 წელს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დახმარებისათვის შეიქმნა. ამჟამად ადვოკატების საბუთების მომზადება მიმდინარეობს აფხაზეთში მივლინებისათვის", _განუცხადეს „იზვესტიას" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ გაზეთი ასევე აღნიშავს, რომ როგორც კი აფხაზეთში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა გაიგეს იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლად აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვლადისლავ სურკოვი დაინიშნა მათ დახმარების თხოვნის წერილი მასაც გაუგზავნეს. ასევე ამზადებენ მიმართვას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისათვის.