ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ სოჭის ოლიმპიადაზე აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად წარმოდგენილი არ იქნება. განაცხადა ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ბოლო დროს განხორციელებული პროვოკაციები საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს ხელს ნამდვილად არ უწყობს.
„მიგვაჩნია, რომ პროვოკაციებზე, რომლებსაც ბოლო დროს აქვთ ადგილი საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად თანამიმდევრულად პასუხობს. ჩვენ ამ პროვოკაციებს არ წამოვეგებით.
ხოლო რაც შეეხება ინფორმაცია, რომელიც სოჭის ოლიმპიადის ანკეტაში გაჩნდა, დარწმუნებული ვარ, რომ მასპინძელი-ქვეყნის ოლიმპიურმა კომიტეტი იძულებული იქნება გაითვალისწინოს საერთაშორისო ნორმები და საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარეობა, ვინაიდან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ოლიმპიური კომიტეტები არ არის აღიარებული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ.
ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ოლიმპიადაში და მიუხედავად ამ პროვოკაციებისა ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ სოჭის ოლიმპიადაზე აფხაზეთი და ე.წ, სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად წარმოდგენილი არ იქნებიან", _ განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.