სამხრეთ კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის მეთიუ ბრაიზას განცხადებით საქართველოს მთავრობამ აგვისტოს ომის გარემოებები უნდა გამოიძიოს. ამის შესახებ ბრაიზამ "ამერიკის ხმის" ვაშინგტონის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცახდა, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩაიწერა.
,,ჩემი აზრით, ეს სრულიად ლეგიტიმური მოსაზრებაა. გამოძიებული უნდა იქნას ყველა მსხვილი სამხედრო ოპერაცია, ომი. ამერიკის კონგრესი ყოველთვის იძიებს მსგავს შემთხვევებს. აკადემიურ წრეებს უნდა მიეცეთ საშუალება გამოიკვლიონ გარემოებები. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი გამოძიება არ იქნება პოლიტიზირებული და იქნება სამართლიანი. ადამიანებს საშუალება უნდა მიეცეთ გაიგონ საღი მოსაზრებები ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული მოვლენებში და არა ისეთი მიუღებელი კვლევებისგან, რომლებსაც კოლუმბიის უნივერსიტეტი და ვირჯინიის ტექტნიკური უნივერსიტეტი ახლაც ატარებს", _აცხადებს ბრაიზა.