ყაზბეგის რაიონში პროვოკაციის მცდელობები ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნის პირველივე დღეს დაფიქსირდა. ამის შესახებ განცხადება ყაზბეგის რაიონის მცხოვრებმა ზაზა წიკლაურმა დღეს, პარლამენტში "ქრისტიან დემოკრატებისა" და ექსპერტების შეხვედრაზე გააკეთა.
"როგორც კი გაიხსნა სასაზღვრო პუნქტი, მაშინვე მოადგნენ ოსები საზღვარს და მოითხოვეს გადაადგილება ვიზების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათი მხრიდან პუნქტის ჩაკეტვით დაიმუქრნენ", - განაცხადა წიკლაურმა.
მისივე თქმით, ეს ფაქტი მედიის მხრიდან არ გაშუქებულა, თუმცა სწორედ ამ პრობლემის გამო სასაზღვრო პუნქტზე მიმოსვლა 1-ელ მარტს რეალურად ვერ აღდგა.
ამასთან, ზაზა წიკლაური დარწმუნებულია რომ ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნა არის რუსეთის ინიციატივა და ეს მოსკოვს პროვკაციისათვის სჭირდება.
"მოსახლეობა შიშობს, რომ იგეგმება ოსების შემოსვლა თრუსოს ხეობაში. ამასთან ჩრდილოეთ ოსეთში კეთდება განცხადებები, თითქოს ქართველებმა გაძარცვეს მათი სახლები. ამის გამო შესაძლოა ყაზბეგის რაიონის მცხოვრებლებისა და ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლების შორის კონფლიქტიც კი მოხდეს", - განმარტა მან.