დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფოთის პორტი მოინახულა. პრეზიდენტმა პორტში სიტყვით გამოსვლისას ამ ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"საქართველოს ძალიან მდიდარი მეზობლები ჰყავს, რომლებსაც გაზი და ნავთობი აქვთ, მაგრამ საქართველოს აქვს ის, რაც რეგიონში არც ერთ ამ ქვეყანას არა აქვს. ჩვენ გვაქვს ყველაზე დაბალი გადასახადები, რეგიონში არც ერთი ქვეყანა არ შედის ბიზნეს კლიმატის თვალსაზრისით პირველ 40-ეულში, მაშინ როდესაც საქართველო ამ ნუსხაში მე-11 ადგილზეა",_ განაცახდა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ფოთში, გარდა პორტისა, შენდება აეროპორტი, ვითარდება ანაკლიის ზღვისპირა ზოლი და აქტუალური ხდება ანაკლიის პორტის პერსპექტივებიც. ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ყულევის ტერმინალი და მესტია, რომელსაც დიდი ტურისტული დანიშნულება ექნება, ვინაიდან იგი ოლიმპიური პარამეტრების სათხილამურო კურორტია საქართველოში.
"სამომავლოდ, ფოთის აეროპორტი ჩარტერულ რეისებს მიიღებს და ტურისტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანს. იმედია მომავალ წელს, საქართველოს მინიმუმ 10 მილიონი ტურისტი ეყოლება, რომელიც მთელ ამ სფეროს აითვისებს და მომავალში აითვისებს აფხაზეთსაც~, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.