უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინისა და მისი პარტნიორი ქვეყნების - განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნების და ფინეთის ურთიერთობების დაზიანებას ე.წ. გზააბნეული უკრაინული დრონების შემთხვევების გამოყენებით.
ამის შესახებ მან ტალინში, ნორდიკულ-ბალტიის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
ზელენსკის თქმით, როგორც უკრაინა, ასევე რუსეთი იყენებს რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებს, რის შედეგადაც დრონების მიმართულება შეიძლება შეიცვალოს, და სწორედ ამ გარემოებას იყენებს რუსეთი პროპაგანდისთვის.
„მათ შეუძლიათ მიმართულების შეცვლა, რათა ევროპაში დაგვაშორონ ერთმანეთს. რათა ზეწოლა მოახდინონ ევროპაზე, ფინეთზე, ბალტიელ მეგობრებზე და შემდეგ გამოიყენონ ეს როგორც ნარატივი, თითქოს ეს იყო უკრაინის შეტევა. სწორედ ეს უნდათ - თავიდანვე დაგვყონ და შეამცირონ უკრაინის მხარდაჭერა ევროპულ საზოგადოებებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის მთავარი ამოცანაა პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის დრონებთან დაკავშირებული შეთანხმებების (Drone Deals) გაფართოება, გამოცდილების გაზიარება და სპეციალისტების მომზადება.
„ჩვენ მზად ვართ გავგზავნოთ ჩვენი ექსპერტები ყველა იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს თუნდაც პოტენციური რისკი. მზად ვართ ვასწავლოთ, როგორ დაიცვან თავი ასეთი შემთხვევებისგან. საუკეთესო გზა კი ომის შეჩერებაა, მაგრამ ახლა რაც შეგვიძლია - ეს არის თანამშრომლობის გაძლიერება“,- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.