რუსეთთან ურთიერთობების აღსადგენად საქართველოს პოლიტიკური სიმამაცე სჭირდება. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.
„ურთიერთობების აღსადგენად საჭიროა არა მხოლოდ დრო, არამედ პოლიტიკური სიმამაცე. მიმაჩნია, რომ დროთა განმავლობაში თბილისში ეს პოლიტიკური სიმამაცე გაიმარჯვებს. ჯერ-ჯერობით კი ყველაფერი იმ ძველ სტერეოტიპებში იმყოფება, რომლებიც სააკაშვილის აგრესიის შედეგად შეიქმნა და ამ ხლართიდან გამოსვლა რომელიც ვრცელდება არა მხოლოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე არამედ რუსეთზეც ჯერ-ჯერობით ქართულ პოლიტიკას არ ძალუძს",_ განაცხადა გრიგორი კარასინმა.
მისივე თქმით, ქართველ პოლიტიკოსთათვის ეს ძალიან მტკივნეული თემაა ახლა, მით უფრო წინასაარჩევნო პერიოდში.
„საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მანამ ვიდრე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დედაქალაქებში ჩვენი საელჩოები იქნება, ჩვენთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა არ იქნება. მიგვაჩნია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება იოლი გადაწყვეტილება არ ყოფილა, მაგრამ ის გადახედვას არ ექვემდებარება", _ განაცხადა კარასინმა.
მისივე თქმით, მრავალი სახელმწიფო ხედავს უკვე, რომ „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თანდათან მართლაც ხდებიან საერთაშორისო საზოგადოების წევრები".
„ისინი აწამოებენ საგარეო პოლიტიკას, აშენებენ თანამედროვე სახელმწიფოს. ამ გზაზე კიდევ ბევრი პრობლემაა, თუმცა ინტერესი ამ ორი ახალგაზრდა კავკასიური სახელმწიფოს მიმართ იზრდება. იმედი გვაქვს, რომ მალე, რამდენი დასჭირდება დრო ამას მართალია ზუსტად არ ვიცით, მაგრამ აღიარება მოვა", _ განაცხადა კარასინმა და აღნიშნა, რომ მოვა დრო, როდესაც ბრძენი პოლიტიკოსები თბილისში მივლენ იმ აზრამდე, რომ „აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება ერთადერთი გზაა იმისათვის, რათა რეგიონში რაღაც ერთონბა დამყარდეს".