რუსეთი გადადგამს მორიგ ნაბიჯებს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართელოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა ამიტომაც საუბარი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით აზრს მოკლებულია. ეს იქნებოდა ნონსენსი მაგრამ ჩვენ მნიშვნელოვნად ვცვლით ვიზების გაცემის სისტემას უფრო მეტი ლიბერალური მიდგომებით"- აღნიშნა კარასინმა.
კარასინმა განმარტა, რომ ამჟამად რუსეთში სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები ჩადიან, თუმცა მათი სურვილია ამ კატეგორიების გაზრდა.
„ამჟამად ვიზებით ჩამოდიან მეცნიერები, ბიზნესმენები, სტუდენტები, მაგრამ ჩვენ გვსურს გავზარდოთ იმ ადამიანების კატეგორია, რომლებიც მიღებენ ჩვენს ვიზებს ნათესაობის წრის გაფართოების ხარჯზე",- განაცხადა კარასინმა და დასძინა, რომ თუ კი ადრე ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის ამჟამად ამ უფლებას მიღებენ უფროსი თაობის წარმომადგენლებიც - ესენია ბებიები, ბაბუები, და ამის გარდა შვილიშვილები",- განაცხადა კარასინმა.
მისივე თქმით, ეს პროცედურა მალევე ამოქმედდება.