"მე სააკაშვილს ძალიან იშვიათად ვუსმენ, მაგრამ განსაკუთრებით მის მერე, რაც 4 მინარეთთან დაკავშირებით ლაპარაკობდა.,"- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტ მიხილ სააკაშვილსა და ადიგენის მოსახლეობას შორის მომხდარი სიტყვიერი დაოპირისპირების ფაქტის კომენტირებისას ისაუბრა.
"ნამდვილად, გულწრფელად გეუბნებით, სრული სერიოზულობით, რომ სააკაშვილი სრულიად სხვა დაწესებულების კლიენტი უნდა გახდეს ძალიან სწრაფად. იმიტომ, რომ ეს არის უბრალოდ ძალიან სამარცხვინო. არ შეიძლება საკუთარ ქვეყანას ასე მტრობდე, არ შეიძლება დაპირისპირებული იყო საკუთარ მოსახლეობასთან და მხოლოდ იმიტომ, რომ მოქალაქის კითხვა არ მოგწონს, მას ეძახო, რომ ნაგავში ცხოვრობდა მანამდე და იგონო აბსოლუტურად გაუგონარი ტყუილები. მე ძალიან მრცხვენია, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტად მუშაობს და ძალიან სწრაფად ეს ამბავი დასრულდება,"- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს ახალციხეში, სასტუმრო "ლომსიადან" გამოსულ საქართველოს პრეზიდენტსა და ადგილობრივებს შორის შელაპარაკება მოხდა. პრეზიდენტის გაღიზიანება ერთ-ერთი მოქალაქის კითხვამ გამოიწვია, რომელიც სასტუმროზე გაკეთებულ ინგლისურ წარწერასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის აზრით დაინტერესდა.
"ვის უნდოდა ოთხი მინარეთის მიშენება, ხომ არ იცით?! - საქართველოს მთავრობას. შემდეგ ჯერზე, როცა ჩვენზე ტყუილებს დაიჯერებთ, კარგად მოიკითხეთ, რა გეგმები აქვს ახალ მთავრობას. ნაგავში იყო აქაურობა. ნაგავში ყოფნა გერჩივნათ?!", - მიმართა სააკაშვილმა ერთ-ერთ მოქალაქეს.