სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილ პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას უტიფარსა და უსინდისოს უწოდებს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა სწორედ მიხეილ სააკაშვილის არასწორი პოლიტიკის გამო მოხდინა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია.
,, ჩემთვის გაუგებარია ის განცხადება, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გააკეთა, როცა 400 მეტრზე ლაპარაკობს, როცა მან კილომეტრები ჩააბარა და 400 მეტრი, სწორედ კილომეტრების ნაწილია. სწორედ მისი ავანტურისტული პოლიტიკის შედეგია რუსეთს მოეხდინა ქვეყნის ოკუპაცია. სამწუხაროდ და საუბედუროდ ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება. ოკუპაცია არ არის ერთჯერადი ერთდღიანი აქცია, ეს არის პროცესი. სამწუხაროდ, რუსეთს ჩვენ მიეცით საშუალება მოვეტყუებინეთ და მოეხდინა აგრესია, საომარი მოქმედებების დაშვება, ქვეყნის ოკუპაცია. გუშინ უტიფრად, უსინდისოდ გამოდის სააკაშვილი და ლაპარაკობს 400 მეტრზე. ე.ი გამოდის, რომ მან უკვე ჩაბარა ჩვენი მიწები რუსეთს, აღარ არსებობს კილომეტრები და 400 მეტრის დარდი ჰქონია თურმე მას", _განაცახადა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გიშინ დიცში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და პრეზიდენტის განმარტებით, რუსებმა გადმოინაცვლეს და კიდევ მიითვისეს 400 ჰექტარზე მეტი ქართული მიწა.
,,ბოლო კვირებში, თვეებში, რუსებმა გადმოინაცვლეს და კიდევ მიითვისეს 400 ჰექტარზე მეტი ჩვენი მიწა. 400 ჰექტარი რომ წარმოიდგინოთ და ამ ფართობზე რომ გააშენო ვაშლის ბაღი, საქართველოს მთელ მოთხოვნილებას ვაშლზე ეს გადაფარავს. ახლა იმპორტზე შემოდის ვაშლი. ე.ი ჩვენ წაგვართვეს საქართველოს სამყოფი ვაშლის ბაღი ისე, რომ ამის შესახებ თითქმის არავის გაუგია. ასე რომ, ეს არის პირდაპირი პასუხი იმისა, რასაც ჩვენ ყოველთვის ვიძახდით, რომ რაც უფრო მეტს დაუწვები, მით უფრო მეტად აგაცოცდება, მით უფრო მეტად გადაგივლის, მით უფრო ადვილად გადაგივლის. დაწოლით და ჩექმების კოცნებით საქმე რომ კეთდებოდეს იმ სახელმწიფოსთან, აქამდე მთელი მსოფლიო დაუწვებოდა და გაკრიალებული ჩექმებით ივლიდა, მაგრამ არ გამოდის ეგ. დღეს ვნახე მე, ივანიშვილმა თქვა გუშინ, რომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს არანაირი რეგიონალური ამბიციები. პრემიერ-მინისტრი აცხადებს ამას. საქართველომ დაიწყო ომიო პრემიერ მინისტრი აცხადებს, ლატვიურ გამოცემას უთხრა რამდენიმე დღის წინ. თუ საქართველოს ბრალი იყო ომი, თუ ჩვენ არანაირი რეგიონალური ამბიციები არ გვაქვს, მაშინ ვინ მოვა ჩვენს დასახმარებლად?! ევროპულ გამოცემებს დღე და ღამე პირდაპირ უყვება ზუსტად იმას, რასაც უყვებოდნენ პუტინი და მედვედევი,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.