ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ ვლადისლავ არძინბას გარდაცვალება მთელი კავკასიის ტრაგედიაა.
"არძინბა მხოლოდ აფხაზეთის გმირი კი არ არის, იგი სამხრეთ ოსეთის და მთელი კავკასიის გმირია. მისი სიკვდილი კი არის აფხაზი და სამხრეთოსეთელი ხალხის, ასვეე მთელი კავკასიის ტრაგედია",_ აცხადებს ედუარდ კოკოითი და დასძენს "მე უკვე ვესაუბრე ტელეფონით აფხაზეთის პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს და ძალიან ღრმა მწუხარება გამოვთქვი. მივუსამძიმრე არძინბას ნათესავებსა და მთელს აფხაზ ხალხს".
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის დაბადების დღეს გარდაიცვალა. არძინბა 64 წლის იყო, სერგეი ბაღაფშს კი დღეს 61 წელი შეუსრულდა.
ვლადისლავ გრიგორის ძე არძინბა 1945 წლის 14 მაისს სოხუმის რაიონის სოფელ ქვემო ეშერაში დაიბადა. ბავშვობა და სკოლის წლები მან მშობლიურ სოფელში გაატარა.
1966 წელს ვლადისლავ არძინბამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ინსტიტუტის ინტორიული ფაკულტეტი დაამთავრა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირატურაში ჩააბარა.
1985 წელს მან სადოქტორო დისერტაცია დაიცვა.
1989 წელს არძინბა ყოფილი საბჭოთა კავშირის დეპუტატად აირჩიეს.
1990 წელს არძინბა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად და საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ დროიდან არძინბა უკვე ღიად იწყებს ბრძოლას საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.
1994 წლის 26 ნოემბერს ვლადისლავ არძინბა აფხაზეთის ე.წ. პირველ პრეზიდენტად აირჩიეს. 1999 წლის 3 ოქტომბერს კი არძინბა ე.წ. პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.
მასალის გამოყენების პირობები