სასტუმრო „ბეტსში", პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების დაჯიოლდოებაზე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს IRI-ის მიერ ჩატარებულ დებატებში, ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ დიცში შექმნილ მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი.
„ის მოვლენები, რომელიც ვითარდება ბოლო დღეების განმავლობაში ახალგორსა და დიცში არის ძალიან შემაშფოთებელი, მაგრამ კიდევ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს ის აბსოლუტური უუნარობა ჩვენი ხელისუფლებისა, რომ რაიმე კალაპოტში ჩააყენოს აღნიშნული მოვლენების მოგვარება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. გასაგებია წინა ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, სააკაშვილის აგრესიული მოქმედებები, რომელიც გამწვავებისკენ იყო მიმართული და არა დარეგულირებისაკენ. აბსოულუტურად უსუსურ, აბსოლუტურად უუნარო განცხადებებს, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, ნამდვილად არ შეიძლება შემგუებლურად შეხედოს ადამიანმა. ფაქტია, რომ დღევანდელმა ახალმა ხელისუფლებამ ელემენტარული პრობლემების მოგვარება ვერ შეძლო რუსეთთან, ვერ შეძლო ურთიერთობების იმ დონეზე დაყენებაც კი, რომ არ მივიღოთ უარესი შედეგი, ვიდრე ჩვენ გვქონდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. ეს საგანგაშოა და ამას პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება. მე იმედი მაქვს, რომ ცოტა მაინც გამოფხიზლდება მთავრობა ამ მიმართულებით, მაგრამ ყველა შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მსგავსი ინციდენტები გამოირიცხოს, მავთულხლართები ქვეყანაში აღარ იყოს და ურთიერთობები ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე დარეგულირებისაკენ წავიდეს. არ იყოს ცარიელი, უაზრო სიტყვები და მოლოდინი, რას გაგვიკეთებს საერთაშორისო თანამეგობრობა მაშინ როდესაც ჩვენი ხელისუფლება თავად არაფერს არ აკეთებს."
მასალის გამოყენების პირობები