"საერთაშორისო თანამეგობრობას მოვუწოდებ, მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს რუსეთის მიმართ,"- ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ დიცში ე.წ. საზღვრის გავლების პროცესის განახლების და მავთულხლართების გაბმის ფაქტის კომენტირებისას ისაუბრა.
"ასეთი ფაქტები არანაირად არ უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. საერთაშორისო თანამეგობრობას მოვუწოდებ, რომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა, კიდევ უფრო მეტი მკაფიო და შეძლებისდაგვარად მკაცრი პოზიცია დააფიქსიროს რუსეთის მიმართ, რათა შეწყდეს ამგვარი ტიპის პროვოკაციები,"- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ დიცთან მავთულხლართების გავლების პროცესი განაახლეს. აღნიშნულის გამო, სოფლის მოსახლეობა სასაფლაოს, სარწყავი წყლის და საძოვრების გარეშეა დარჩენილი.