ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც დღეს სოფელ ერგნეთში იმართებოდა უჩვეულოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაგრძელდა.
„ვერ ვიტყვი, რომ შეხვედრამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. იყო საკითხები, რომელთა განხილვაზეც ოსურმა მხარემ უარი განაცხადა", _ განაცხადა საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა დავით სუჯაშვილმა სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„პირველ საკითხად, ქართულმა მხარემ საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით შემოღობვის საკითხი დააყენა. ამ საკითხის განხილვაზე ოსურმა მხარემ უარი განაცხადა. შეხვედრაზე ჩვენი მხრიდან დაყენებული მეორე საკითხი იმ რეგულაციებს ეხებოდა, რომელიც ახლა შემოდის და რომლებიც ახალგორისკენ მოსახლეობის გადაადგილებაზე შეზღუდვებს აწესებს", _ განაცხადა სუჯაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ ზღუდავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ვინაიდან მათ ავტოტრანსპორტით გადაადგილბა აღარ შეეძლებათ.
მესამე საკითხი, რომელიც ქართულმა მხარემ შეხვედრაზე დააყენა და განიხილა საშემოდგომა სამუშაოებსა და მოსახლეობის უსაფრთხოებას ეხებოდა. მეოთხე საკითხი კი ორგანიზაცია „ჰელო ტრასტის" მიერ განმნაღმვით სამუშაოებს ეხებოდა.
საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა დავით სუჯაშვილის თქმით, ოსუმა მხარემ უარი განაცხადა ახნა-განმარტებები მიეცა შეხვედრის მონაწილეებისათვის კითხვაზე - თუ რატომ აწესებდა შეზღუდვებს გადაადგილებაზე.
„პრობლემაც მაგაშია, რომ მათ პასუხი არ გაუციათ", _ განაცხადა სუჯაშვილმა და სააგენტოს კითხვაზე თუ რატომ გაგრძელდა შეხვედრა უჩვეულოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში განაცხადა: „საქმე იმაშია, რომ როდესაც ჩვენ დავსვით საოკუპაციო ზოლის მავთულხლართებით შემოღობვის საკითხი, ოსური მხარე შეეცადა ამ საკითხის განხილვა ჩაეგდო, ხოლო ჩვენ ჩვენი პოზიციები დავიცავით.
მეორე საკითხი კი იყო რომელმაც დროის გაყვანა გამოიწვია იყო ოსური მხარის პროტესტთან დაკავშირებული. როდესაც ჩვენ დავაყენეთ გადაადგილებაზე შეზღუდვის საკითხი, ოსურმა მხარემ გააპროტესტა, მოიმიზეზა რაღაც კონტექსტები თუ რატომ ვახსენებთ ჩვენ „ცხინვალის რეგიონს-საქართველოს" და ამ კამათში გაეწელა დრო", _ განაცხადა დავით სუჯაშვილმა სააგენტოსთან საუბარში.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა
18 ოქტომბერს 11 საათზე დაიგეგმა.