ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარის რანკო კრივოკაპიჩის განცხადებით, 2013 წლის 27 ოქტომბერს დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები და მისი სათანადო ხარისხით ჩატარება დემოკრატიის ასპექტში ახალი გარღვევა და პროგრესი იქნება.
როგორც კრივოკაპიჩმა დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, "ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შეეცდება და ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ საქართველოში სტაბილურობის და სიმყარის გარანტიები იყოს გამოგზავნილი.
"საქართველოში წარმოვადგენ ყველაზე დიდ საპარლამენტო ასამბლეას. ამჟამად არჩევნების დროს ვიმყოფებით აქ, რათა რათა ქვეყანაში მუდმივი გაუმჯობესების სიგნალი გადავცეთ. საპარლამენტო ასამბლეა კვლავაც იქნება წარმოდგენილი ამ არჩევნებზე. ჩვენ უკვე 9 წელია ამ პროცესში მონაწილეობას ვიღებთ. ამ არჩევნებზე საკმაოდ ძლიერი მისა იქნება გამოგზავნილი, რომელიც პროცესებს აქტიურად დააკვირდება. დემოკრატია გახლავთ პროცესი, რომლის გარანტირებაც აუციელებელია. ეს იქნება დემოკრატიის ასპექტში ახალი გარღვევა და ახალი პროგრესი თქვენს ქვეყანაში. მჯერა, რომ ყველა ქმედება იქნება დაკავშირებული შემდგომ სვლასთან, ურთიერთობის გამყარებასთან. სრულიად გვესმის თქვენი სიტუაცია, რადგან ეს გზა ჩვენს ქვეყანას, მონტენეგროს გამოვლილი გვაქვს. შევეცდებით, რომ სტაბილურობის და სიმყარის გარანტიები იყოს გამოგზავნილი,"- განაცხადა რანკო კრივოკაპიჩმა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რანკო კრივოკაპიჩმა საქართველოში ოფიციალური შეხვედრები დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრით დაიწყო. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა რანგის პოლიტიკოსებთან შეხვედრები სადაც საუბრის ძირითადი თემა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები და მასთან დაკავშირებული პროცესები იქნება. ეუთოს-საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებსაც შეხვდება. კრივოკაპიჩის შეხვედრა "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძესთან სავარაუდოდ, დღეს 18:30 საათზე გაიმართება.