"ეუთო-ს ერთი წევრი ქვეყნის გარდა, ყველა ადექვატურად აფასებს რაც მოხდა საქართველოში 2008 წელს,"- ამის შესახებ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
უსუფაშვილის თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება რომ, საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის საპარლამენტო დონეზე ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება.
"ეუთო ადექვატურად აფასებს რაც მოხდა საქართველოში 2008 წელს . ეუთო-ს ქვეყნები, ერთის გარდა, და ვიცით ეს რომელი ქვეყანაა, ყველა იზიარებს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ამ პოზიციას მყარად ინარჩუნებს. ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ მეტს ვიმუშავებთ იმაზე, რომ ამ ორგანიზაციამ ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მუშაობის პროცესში თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოს. შევთანხმდით, რომ პარლამენტების დონეზე აუცილებლად გავაძლიერებთ მუშაობას. მინდა ჩვენს სტუმრებს ნაყოფიერი დღეები ვუსურვო საქართველოში, "- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.