ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დიორექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, "თუ ცრუ განგაშის გამომწვევი პირები სათანადოდ და ადექვატურად არ დაისაჯნენ, სხვადასხვა დაწესებულებებში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებების განხორციელება არასოდეს შეწყდება".
"ჯერჯერობით მოძიება მიმდინარეობს, თუმცა გარდა მოყენებული მატერიალური ზიანისა არაფერი დადასტურდა. არ არის სასაიმოვნო სამუშაო პროცესში ასეთი ფაცი-ფუცები. ბუნებრივია, იქნება სიტუაციები, როდესაც ასეთი შემთხვევები შეუქცევად ზიანს მოგვაყენებს. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი შემთხვევები უბრალოდ, აღარ განმეორდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მანდატია უბრალოდ, რომ ასეთი შემთხვევები აღარ მოხდეს და შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ რამე აქტიური ნაბიჯები იქნება გადადგმული, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ გასული შემთხვევა ძალიან ოპერატიულად იქნა გახსნილი, ასევე ვფიქრობ, რომ ძალიან ადექვატური რეაქცია იყო საკანონმდებლო ინიციატივის თვალსაზრისით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის და სწორია ეს ინიციატივა. ნამდვილად უნდა გამკაცრდეს ასეთ საქმეებზე რეაგირება. უბრალოდ, ახლა სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც დაწყებულია მათ შორის ჩვენთან დაკავშირებით და ასევე თუ არ ვცდები ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებით, ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი და გამოძიება ეფექტურად წარიმართოს. თუ არასოდეს არავინ დაისაჯა, ეს ზარები არასოდეს არ შეწყდება,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობაში ნაღმის არსებობის მორიგი შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის სამსახურში გუშინ საღამოს 20:55 საათზე დაფიქსირდა. აღნიშნულის გამო, ტელეკომპანიიდან თანამშრომლების სრულად ევაკუირება გახდა საჭირო. როგორც მოგვიანებით დადგინდა, ტელევიზიის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება ამჯერადაც ცრუ აღმოჩნდა. უკვე დაკავებულია ცრუ შეტყობინების ავტორიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზარის ავტორი ქალაქ ზუგდიდში მცხოვრები, 2001 წელს დაბადებული არასრლწლოვანი მათე ლ. არმოჩნდა.