საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ცრუ განგაშთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებები უნდა შევიდეს და მსგავს ფაქტებზე პასუხისმგებლობა გამკაცრდეს.
"ჩემი აზრით, სავსებით სწორია, რომ ცრუ განგაშთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა უნდა გამკაცრდეს, რადგან ძალიან იმატა ასეთმა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებებმა. ერთის მხრივ, ცრუ განგაში იწვევს როგორც სახელმწიფო დაწესებულებების, ასევე სხვა ნებისმიერი არასახელმწიფო ორგანიზაციის საქმიანობის სერიოზულ შეფერხებას. გინდათ ტელევიზია იყოს ეს, გინდათ პარლამენტი ან ბებისმიერი სხვა დაწესებულება,"- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, „ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაზე" კანონი გამკაცრდება. კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები შევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლში, რომელიც „ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაზე" პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და სასჯელის ზომა მნიშვნელოვნად გამკაცრდება. ასევე, ცვლილებები შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შესაბამისად, ცრუ შეტყობინების ავტორ არასრულწლოვანთა მშობლების მიმართ სოლიდური ჯარიმა დაწესდება. დღემდე მოქმედი კანონმდებლობა 16 წლამდე პირთა მიერ ცრუ შეტყობინების განხორციელების შემთხვევაში სასჯელს არ ითვალისწინებდა.
ცნობისთვის, შენობებში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ 112-ში გუშინ შესული შეტყობინებების საფუძველზე ჯერ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობიდან მოხდა თანამშრომელთა სრულად ევაკუირება, მოგვიანებით კი, ტელეკომპანია "იმედიდან" ორჯერ. ამასთან, გუშინვე მესამე ობიექტზეც დაფიქსირდა ცრუ შეტყობინება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრების და მომსახურე პერსონალის ევაკუირება გახდა საჭირო. ოთხივე შემთხვევაში განგაში უსაფუძვლო აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს ცრუ შეტყობინებების ყველა ავტორი.