ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტს მოუწოდებს საბაჟოებზე კონკრეტული კანონდარღვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ განცხადებებს. ,,ჯი-ეიჩ-ენი" ფინანსთა სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს - როგორც ჯერ კიდევ ქვეყნის პირველი პირი, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ განცხადებებს და მაშინ, როდესაც რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მოუწოდა ჩვენს თანამოქალაქეებს საბაჟო სფეროში ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, ინფორმაცია დროულად მიეწოდებინათ ფინანსთა სამინისტროსთვის, გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ჩვენს უწყებას მიაწოდოს ინფორმაცია კონკრეტული კანონდარღვევის ან სამოხელეო გადაცდომის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი განცხადება „საბაჟოებზე არსებული ვითარების შესახებ" ჩაითვლება შეგნებულ პროვოკაციად, საბაჟოზე მომუშავე თითოეული საჯარო მოხელის და ზოგადად, სახელმწიფოს იმიჯის შელახვის მორიგ მცდელობად", _ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ,,ევრაზიული კავშირის გამოხატულებაა ის რაც დღეს საქართველოს საბაჟოებზე ხდება".