ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სუვერენიტეტსა და დემოკრატიას აღიარებს და მხარს უჭერს. ამის შესახებ საქართველოს სს მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგელ-ანხელ მორატინოსმა განაცხადა.
"მე საქართველოში ვიმყოფები როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი. დღევანდელ შეხვედრაზე ვაშაძესთან განვიხილეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები. კიდევ ერთხელ ცალსახად ვადასტურებ, რომ ძალაში რჩება ლისაბონის ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს დაახლოებას ევროპულ სტრუქტურებთან დაახლოებას ითვალისწინებს", - განაცხადა მორატინოსმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერნეტიტეტსა და დამოუკიდებლობას.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზების გამარტივების ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალი გაიმართება, რაც საქართველოს მოსახლეობას ევროპულ ქვეყნებში გადაადგილებას გაუმარტივებს. დასრულების ფაზაშია შესული ასოცირების შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებაც.
"საქართველო რეგიონში ევროკავშირთან ყველაზე დაახლოებული ქვეყანაა და ის ამ კუთხით ევროინტეგრაციისკენ მიისწრაფვის, რასაც ჩვენც ხელს შევუწყობთ", - აღნიშნა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვაშაძესთან დღევანდელ შევედრაზე ესპანეთისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები არ განხილულა, ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მეგობრულია და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ესპანეთი მხარს ყოველთვის დაუჭერს.