საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ამორალურია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. რომ ვერტმფრენების საკითხზე ხმის ამოღებას ბედავს".
როგორც ივანიშვილმა დღეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ფრანგული წარმოების ვერტმფრენების გასხვისების საკითხზე გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა "სახელმწიფოს ბიუჯეტს არ აქვს საშუალება ძვირადღირებული საჰაერო სატრანსპორტო საშუალებები შეინახოს და შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს გაცილებით ნაკლები დანახარჯით აღდგენილი ძველი ვერტმფრენებით სარგებლობა შეეძლებათ".
"ორი ვერტმფრენი უკვე ემსახურებათ, სამი ჰქონდათ დაკვეთილი მხოლოდ საკუთარი სარგებლობისთვის. ერთ-ერთი არის გადაკეთებული და მორგებული ერთ კაცზე. მეორეც მაგის მსგავსია. ჩვენ დღეს ასეთი ძვირფასი ვერტმფრენების მოთხოვნილება არ გვაქვს. ცუდი რაა თუკი გაქვს საშუალება, მაგრამ ჩვენს ბიუჯეტს თუ შეხედავ და გაიხსენებ ჩვენს სოციალურად დაუცველებს და სოციალურად დაუცველების გარდა, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სიღარიბეში ცხოვრობს და ასეთი ვეტმფრენებით სარგებლობა მე ვფიქრობ, ამორალური იყო მისი მხრიდან. ახლა რომ კიდევ ხმის ამოღებას ბედავს, ეს ჩვენი საზოგადოების კულტურას მიანიშნებს მხოლოდ. რომ ჩვენ კულტურული ხალხი ვართ და ამ ყველაფერს ვისმენთ და ვითმენთ, ეს კაცი კიდევ ამით სარგებლობს მხოლოდ და კიდევ ბედავს ამაზე განცხადებების კეთებას. ესაა მხოლოდ. ჩვენ საუბედუროდ, ჩამოყვანა არ გვინდოდა ვერტმფრენების და ვერ გავყიდეთ, ადგილზევე დავტოვეთ ჩვენ მწარმოებელთან და იქედანვე გვინდოდა რეალიზება. ეს არ მოხერხდა, შემდგომ იქ შენახვა ძალიან ძვირი იყო, ძვირი გვიჯდებოდა და ჩამოვიყვანეთ. ჩვენ ვახერხებთ გაცილებით იაფად, სულ რამდენიმე მილიონად და არა 80 და 60 მილიონად, ძველი ვერტმფრენები აღვადგინოთ. ეს დაჯდება სულ რამდენიმე მილიონი, და აღვადგენთ ვერტმფრენებს, რომელიც ჰყავს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე თავდაცვის სამინისტროს და ეს გაცილებით იოლი იქნება და მათ შესატყვისი ვერტმფრენები ეყოლებათ. ჩვენ დღესაც ვცდილობთ, რომ როგორმე ამ ვერტმფრენებს რეალიზება გავუკეთოთ, თუმცა საუბედუროდ ჯერ მყიდველი ვერ ვნახეთ,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ცნობისთვის, აღნიშნულ საკითხზე კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გააკეთა და განმარტა, "აღნიშნულ საჰაერო სატრანსპორო საშუალებებს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და მისი გაყიდვა ან რუსული წარმოების საფრენი ტექნიკით ჩანაცვლება არ შეიძლება".
"როცა ჩვენ ამ ვერტმფრენებს ვყიდულობდით, მედვედევი და ლავროვი საფრანგეთს სანქციებით დაემუქრნენ თუ ისინი ამ ვერტმფრენებს საქართველოს მისცემდენ. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივეცით მას სამოქალაქო სახე. ახლა რომ აჩვენებენ - სამოქალაქო უნდოდა, თავისთვის უნდოდა, სასეირნოდ უნდოდა, საკატაოდ უნდოდა სააკაშვილსო, ცრუობს მთავრობა. ეს იყო ორმაგი დანიშნულების ვერტმფრენები და სამოქალაქო სახე მხოლოდ იმის გამო მიეცა, რომ რუსული სანქციებისთვის აგვევლო გვერდი. 2 ჩამოვიდა და კიდევ 2-ის ყიდვის საშუალება გვაქვს. ვადასტურებ, რომ პრეზიდენტი სარკოზი ამის ყიდვაში პირადად იყო ჩართული და პირადად საფრანგეთის მაშინდელი ტრანსპორტის მინისტრი და მე პირადად დავესწარი ამ ხელშეკრულების ხელმოწერას.ეს იყო საქართველოსთვის გარღვევა. როდესაც ეს მთავრობა მოვიდა, ივანიშვილმა დაიბარა ყველა და უთხრა, რომ აღარ გვინდა ფრანგული ვერტმფრენები და მოდი, რუსული გავარემონტოთო. მას აუხსნეს, რომ ეს შეუძლებელია, რადგან რუსეთი ჩვენ არ გვაძლევს მარაგ ნაწილებს, ამიტომ ძალიან ძვირი დაჯდება. საქართველოს ახლა ვერტმფრენი ჰაერივით სჭირდება, ჩვენ ვართ მაღალმთიანი ქვეყანა. მე ვიყავი მთაში და იქ რომ რამე მოხდეს, ერთი ვერტმფრენი არ არის, რომელიც ავა და მაგალითად, სადმე გაჭედილ მოგზაურს გამოიყვანს ან გადაიყვანს თუნდაც ჯარის ნაწილს, ან გადაიყვანს პოლიციის ნაწილს. ეს არის ჩვენი ერთადერთი შანსი და ამ ერთადერთ შანსსაც გვართმევენ. ბარემ მაშინ, კრემლს გადააწყვეტიონ ყველაფერი, რაღაზე გვქვია ჩვენ მაშინ საქართველოს მთავრობა?!,"- აღნიშნა სააკაშვილმა.