"გამჭვირვალობის პრობლემა ჩვენს მთავრობაში არ არსებობს,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას ისაუბრა, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულებებს შორის, რომლებსაც საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით შედარებით ცუდი შედეგები აქვთ, მთავრობის კანცელარია, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია დასახელდა.
"საერთოდ, ყველა გახსნილია, მათ შორის რეიტინგი კი, ნორმალურია. ვიღაცას უფრო ზუსტად აქვს გათვალისწინებული ის ინსტრუქცია, რის მიხედვითაც მოეთხოვება, ვიღაცას ნაკლებად. გამჭვირვალობის პრობლემა არც კანცელარიაში არსებობს და არც შინაგან საქმეთა სამინისტროში, რაც მათ ევალებათ. რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მე მაგაზე პასუხს არ ვაგებ. მე მგონია, რომ ყველაფერი ნორმაშია. ელემენტარულად, შეიძლება ვიღაცამ ეს ინსტრუქცია უფრო სწორად დაიცვა, თორემ გამჭვირვალობის პრობლემა ჩვენს მთავრობაში არ არსებობს,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ცნობისთვის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის რამდენიმე საჯარო დაწესებულება დააჯილდოვა. აღნიშნული ორგანიზაციის კვლევის შედეგების მიხედვით, ინფორმაციის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ცუდი შედეგები მთავრობის კანცელარიას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუფიქსირდა.