გამჭვირვალოეობა და ღია მმართველობა ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებაა და ეს პროცესი შეუქცევადი უნდა გავხადოთ", _განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განმარტებით, ხელისუფლების ამოცანაა ქვეყანა დემოკრატიული განვითარების იმ გზაზე დააყენოს რომლიდაც გადახვევა სამომავლოდ ადვილი არ იქნება.
,,თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ პროექტის - ,,საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა" - განხორციელების დაწყება დაემთხვა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლის პერიოდს. რამდენადაც ვიცი, თქვენი კვლევის საგანი ისიც იყო, თუ რა გავლენა მოახდინა პოლიტიკურმა ცვლილებებმა სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით. ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, მეტად სასიხარულო და საამაყოა უდავო წინსვლა ამ სფეროში, ის დადებითი ტენდენციები, რომლებიც არჩევნების შემდეგ ამ ანალიზმა გამოავლინა. სწორედ ეს არის მთავარი - ჩვენს მთავრობას, ჩვენს გუნდს დასამალი არაფერი აქვს - ჩვენი მუშაობის გამჭვირვალობაზე ციფრები თავად მეტყველებს. ეს მონაცემები გვახარებს იმიტომ, რომ ჩვენი ამოცანაა ქვეყანა დემოკრატიული განვითარების ისეთ გზაზე გავიყვანოთ, რომლიდან გადახვევაც სამომავლოდ აღარ იქნება ადვილი. ეს არის გზა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და მისი გაძლიერებისაკენ, სახელმწიფოს მართვაში მოქალაქეთა ჩართულობისაკენ, რომლის გარეშეც დემოკრატიულ მმართველობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ვფიქრობ, ეს არის საწინდარი იმისა, რომ ხალხი მიაღწევს მიზანს - შექმნის თავისუფალ, ძლიერ, ქმედუნარიან, პასუხისმგებლობით აღსავსე სამოქალაქო საზოგადოებას და არც ერთ ხელისუფლებას აღარ მისცემს იმის უფლებას, რომ შელახოს საზოგადოების ინტერესები. ყველას კარგად მოეხსენება, რომ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი მახასიათებელი საზოგადობის წინაშე ანგარიშვალდებულებაა, რაც განაპირობებს დემოკრატიულ ქვეყნებში ბოლო წლებში ინფორმაციის თავისუფლების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას. მოგეხსენებათ, რომ გაცილებით ადვილია ისეთი ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლი, რომელიც ღიად მუშაობს და შესაბამისად მცირდება ალბათობა იმისა, რომ მოხელეები ბოროტად ისარგებლებენ ძალაუფლებით", _განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.