მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლელა ჩახვაძე ხელისუფლებას საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს.
~კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია, სოციალური კუთვნილების, წარმოშობის და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. ამიტომ, ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ 1 მარტიდან პენსიების მომატება და სოციალური შეღავათები მხოლოდ თბილისის მოსახლეობაზე გავრცელდეს, ქვეყნის ძირითადი კანონის დარღვევაა~, _ განაცხადა ლელა ჩახვაძემ.
მოძრაობის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, შეისწავლოს რამდენად მოდის შესაბამისობაში ხელისუფლების გადაწყვეტილება ქვეყნის კონსტიტუციასთან.
ამასთან, ლელა ჩახვაძე მთავარი პროკურორისგან მოითხოვს, აღძრას სისხლის სამართლის საქმე თბილის მერის წინააღმდეგ, რეგიონული ნიშნით ~მოსახლეობის დისკრიმინიციის და სახელისუფლებო რესურსის ბოროტად გამოყენების~ ბრალდებით.
~ხელისუფლებამ საპრიზიდენტო არჩევნები თბილისში წააგო და ახლა ამ გზით ცდილობს დედაქალაქის მოსახლეობის გულის მოგებას. პენსიების მხოლოდ თბილისელებისთვის გაზრდით, შეურაცხყოფილია საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა. ისინი მმართველმა გუნდმა ჩათვალა უგუნურ მასად, რომელიც ვერაფერს ხვდება და არჩევნებში ხმას მაინც მის სასარგებლოდ მისცემს~, _ აღნიშნავს მოძრაობის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. იგი თბილისელების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას ~რასიზმის სახეშეცვლილ გამოვლენად და საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობად~ აფასებს.
ლელა ჩახვაძე ურჩევს ლანჩხუთელებს და საქართველოს რეგიონების მოსახლეობას, რომ თუ შედარებით უკეთესი ცხოვრება სურთ, თბილისელებს ~მიბაძონ~ და არც ერთი დონის არჩევნებში ხელისუფლების კანდადატებს არ მისცენ ხმა.